ლექსი

* * *

ტადეუშ დობროვსკის
მე და ჩემი მეგობარი დღემდე ვწერთ ლექსებს.
ეს არ არის სასაცილო. არც ჩვენ გვიხარია,
რომ ასე სულელურად გავიმეტეთ ჩვენი ერთადერთი
(ან გინდაც არ იყოს ერთადერთი) ცხოვრება. ზოგჯერ
მე ვცდილობ თავის გამართლებას, დავუშვათ, ასე:
“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როდის მოკვდება,
იარსებებს პოეზიაც” – ვეუბნები ჩემს მეგობარს,
ის ფიქრდება. მე მივდივარ მივლინებაში,
ძილი მიტყდება სასტუმროში. წიგნის წამოღება
ამჯერადაც დამავიწყდა. აღარ მიყვარს ტელევიზორი,
მაგრამ რადგან სხვა გზა არ მაქვს, ნერვიულად გადავდივარ არხიდან
არხზე. აი ისიც – ქალი და კაცი
მოლაპლაპე, ზეთოვანი სხეულებით, მოლაპლაპე
ტყავის ჩექმებით, მბზინავი ტუჩებით
და ძუძუსთავებით, და სავარაუდო გენიტალიებით
იმეორებენ ერთმანეთს. “სექსი,
დეკორატიული სექსი; და მაშინ რაღა დააშავა
პოეზიამ?” – ვეკითხები ჩემს მეგობარს, როცა ვბრუნდები.
“ვიდრე ადამიანმა არ იცის, როგორ მოკვდება,
დაიხვეწება პოეზიაც” – თავს იმართლებს მეგობარი
და ეს არ არის სასაცილო.
* * *
შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა თანამსმელის დაკრძალვაზე; და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენთვის, ცოცხლებისთვის, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა –
თუნდაც წერისას.
* * *
ხშირად მეღვიძება უფსკრულში,
სადაც სიზმარში ჩავიჩეხე,
და ვიდრე სინამდვილე აენთება,
ლოდი, რომელსაც დამენსხვერი,
მახორცდება ზურგზე სამუდამოდ.
* * *
ესეც თქვენი უკეთესი მომავალი.
ზუსტად ისეთი, როგორიც გვთხოვეთ.
მცირედი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ:
მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს.
ეს მოხმარების წესებია. გადაიკითხეთ.
საგარანტიო ფურცლის ასლი თქვენთან რჩება.
აქ ხელს მოაწერთ.
თითქოს მართლაც ისეთი ჩანს, როგორიც ვთხოვეთ,
მაგრამ მაინც ეჭვიანად ვათვალიერებთ.
შენ ქალი ხარ – მოხმარების ბუნდოვანი წესები გაფრთხობს,
მე – საგარანტიო ვადების სიმცირე.
შენ ქალი ხარ – ფანჯრებს აღებ
და მომავლის თვალისმომჭრელ შუქში ლივლივებ,
მე კი ჯერაც კართან ვდგავარ
და კურიერს დაბნეული ვართმევ ფურცელს,
ერთხანს უაზროდ ვაკვირდები, ვითომ ვკითხულობ,
და ხელს ვაწერ მითითებულ სვეტში:
მ ა პ ა ტ ი ე თ.
* * *
ეგრე სადაა:
რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,
და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.
შევინიღბე.
არ იყო სხვა გზა.
ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,
სხვები – გარედან.
სიმართლე თითქოს გათანაბრდა.
საწყენია, ლექსები გაქრნენ.
* * *
გინდ გაზაფხული, გინდ ზაფხული – უკვე სულერთია.
მაგრამ გაზაფხულს მაინც მეტი უფლება აქვს, ერქვას ჩემი მოკავშირე.
უკვე არცთუ საიდუმლო, მაგრამ მოკავშირე.
როცა ის მოდის, მე უქმად ვარ. როცა ის მოდის,
აღარ ვაღვიძებ ლექსების და გოგონების სილუეტებს, როგორც ადრე.
მე უქმად ვარ. ის მუშაობს. მე მეცინება
და რადგან უკვე არაფერი მევალება, გარდა სიხარულის,
სულ უფრო უკეთ მიხარია, როცა ის მოდის –
როგორც მეგობარი პოეტი,
რომელთანაც დღემდე სიამოვნებით ვსვამ,
მაგრამ წლებია, მის ახალ ლექსებს აღარ ვკითხულობ.
* * *
თანამედროვე ღმერთები
მთელი თავისი მიწისძვრებით და ცუნამებით
იუმორის თვალსაზრისით
მნიშვნელოვნად მოიკოჭლებენ
ძველ, ჩათლახ ღმერთთან შედარებით,
ორი თითით რომ წვდებოდა წარღვნილ დედამიწას,
პირთან მიქონდა და დანდობით სულს უბერავდა:
აიგრაგნებოდნენ შავ-მწვანე ტალღები,
ნაფოტივით აქანებდნენ ვეება კიდობანს,
რომელიც ისე პატარა და უსუსური ჩანდა ახლოდან
(კიდევ უფრო პატარა და უსუსური, ვიდრე ზემოდან),
რომ ღმერთს, რაც გინდა ცინიკოსი ყოფილიყო,
ცოცხალივით უყვარდებოდა
და წინასწარ ხალისობდა
ნოეს სახის წარმოდგენისას,
როცა ეტყოდა, რომ მორიგი წარღვნისათვის
უკვე ორი კიდობანი უნდა აეგო –
წყვილად,
როგორც ყველა თესლი,
ყველა ცხოველი.
* * *
დამალვას აზრი აღარ ქონდა
და გადაწყდა, ემცნოთ ხალხისთვის,
რომ ხვალ სამყარო დასრულდება;
არ დაზუსტებულა, სახელდობრ, რით.
იყო მხოლოდ მინიშნება
ცაზე, კოსმოსზე.
ასტეროიდი? ღმერთი?
სულერთია.
როგორ თუ სულერთია? ჩაიცინა
და დაჯდა საწერ მაგიდასთან ხარანაული.
მან მიიღო გამოწვევა. მან უკვე იცის,
თუ როგორი წიგნის წერას დაიწყებს ახლა
და დაიწყებს, სახელდობრ, რით.
* * *
სხვა რა საქმე აქვთ, საუბრობენ პოეზიაზე.
არადა უკვე ზაფხულია, ზღვისპირა ზაფხული.
გოგონები შეიმოსნენ საუკეთესო ამინდებით,
საფეხბურთო ჩემპიონატიც უკვე გადამწყვეტ ფაზაში შედის,
ისინი კი პორტისპირა კაფეში სხედან
და ლექსებზე საუბრობენ.
– ლექსში ავტორი
არც უნდა ჩანდეს უფრო მკვეთრად,
ვიდრე სხვის ფოტოზე, სიღრმეში, გამვლელი,
კადრში შემთხვევით მოხვედრილი.
– მაგრამ გრძნობები?
– გრძნობების საქმეც ისევეა, როგორც ტალღების.
ზღვა არ მართავს თავის ტალღებს, შესაძლოა, საერთოდ ვერ გრძნობს,
მისთვის ტალღები სულერთია, ის სუნთქავს და განიცდის ფსკერით,
იქაა მისი პოეზია. ტალღები კი ქარის საქმეა,
როგორც გრძნობები – გოგონების, ფეხბურთის, ამინდის,
ყველაფრის, რისგანაც შედგება ცხოვრება
და სიკვდილისთვის სულერთია.
ხოლო ლექსები,
თუკი საერთოდ შედგებიან გრძნობებისგან,
ისეთებისგან, ჩვენ რომ ვერ ვწვდებით.
როგორც ჩვენ შევდგებით ლექსებისგან,
რომლებსაც ვერ ვწერთ.
* * *
ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,
რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,
გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,
რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.
* * *
დრო და წყალი – ძველისძველი,
ბანალური მეტაფორა;
მაგრამ ამ ბებერს შეუტოპავს მკერდამდე წყალში,
რომელიც ადრე ტკიცინა კანს უნაოჭებდა,
ახლა კი პირიქით: ნაოჭებს უსწორებს.
* * *
ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ.
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.
რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.
დაიცდი. ისევ მაკვირდები.
ვწევარ და ვსუნთქავ.
ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.
ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.