“მეტაფიზიკური საპონი და ჰალსტუხიანი პოეტები
მეტაფიზიკური საპონი და ჰალსტუხიანი პოეტები
პირველად ლიტერატურული იატაკქვეშეთი მაშინ გაჩნდა, როცა პლატონმა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა. მე თუ მკითხავთ (ისე, ეჭვი მაქვს, რომ არ მკითხავთ), პლატონის საქციელი აბსოლუტურად გამართლებული იყო. ესსეს ბოლოში მივანიშნებ კიდეც, თუ რატომ ვფიქრობ ასე.
რუსულ პრესაში ძალიან დიდი გაკვირვება და გაღიზიანება გამოიწვია შარშან გარდაცვლილი რუსი მემარცხენე პოეტის დიმიტრი პრიგოვის ნათქვამმა: მე პოეზიის უკანასკნელი მოჰიკანი ვარო. არადა, რუსებს ის არ გაკვირვებიათ, იმავე პრიგოვმა პოეზიის ფესტივალზე კატა რომ მიიყვანა და ეს შინაური ცხოველი, ბოდიში და, რუსეთიაო, რომ განაცხადა. ჟურნალისტები მაშინ არც კი დაფიქრებულან, რომ ამ პერფორმანსის შემთხვევაშიც მართალი იყო პრიგოვი. ასეთი არასტანდარტული ქცევების გამო რუსული ოფიციოზი დიდხანს დევნიდა მას. 90-იან წლებში ის იძულებით საგიჟეთშიც მოათავსეს და საღად მოაზროვნე ინტელექტუალური წრეები რომ არ ჩარეულიყვნენ, პრიგოვს დიდხანს მოუწევდა ყურყუტი `ნაპოლეონებთან” და `იულიუს კეისრებთან”. ხშირად ასე სჯიან ხოლმე გაბატონებული აზრისადმი შეუგუებელ ადამიანებს!
სამაგიეროდ, იდეოლოგიურ მონოპოლისტებს ყოველთვის უყვარდათ ჰალსტუხგამონასკვული, ზრდილობიანი, “კოფეს ხომ არ მიირთმევთ, ჩემო ბატონო-“თი მოსაუბრე, თავზეჟელეგადასმული კონფორმისტი პოეტები და მწერლები იმიტომ, რომ მათში ვერ ხედავდნენ საფრთხეს (ამიტომაც ქართული საზოგადოებრივი აზრის რეჟისორებისათვის დღემდე ითვლებოდა, რომ “თავისუფლება ლომთა ხვედრია” და ”ტყვია მიზანში მოსახვედრია” კარგად ერითმება ერთმანეთს და უფრო მეტიც, ეს კარგი ლექსია; შესაბამისად, ამ ლექსის ავტორი (და მისნაირები) ხშირად პრეზიდენტებისა და “ცეკას” მდივნების სუფრების საპატიო თამადა იყო ხოლმე).
თავის მხრივ, იდეოლოგებს ყოველთვის ეშინოდათ უწესო, ექსცენტრიკი, არყისსუნიანი, თავხედი “ახალგაზრდა ღმერთების”, რომლებიც ძალიან თამამად ამსხვრევდნენ უმთავრეს ტაბუებს.
თუ ამბროზ ბირსის დაეჯერება (კი, დაეჯერება! პ.შ. ), “საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს, რომელიც მას არ ჰგავს.” ამიტომ ასეთი არაორდინალები ყოველთვის ასოციალურ ელემენტებად მოიაზრებოდნენ პრაგმატული საზოგადოების მიერ და ამაში იყო რაღაცა კანონზომიერი.
ძირითადი მეთოდი, რომელსაც ოფიციოზი განსხვავებული აზრის მატარებელი ხელოვანების დასათრგუნავად იყენებს, ეს არის მათი მარგინალიზირება, მათი ამორალობის დამტკიცება (ეს ახლა, თორემ ადრე პირდაპირ ცეცხლზე წვავდნენ ხოლმე)… ცალი თვალიც რომ გადავავლოთ “დასჯილ პოეტებს” საკმაოდ დიდი სია შედგება. აგერ, სულ ახლახანს, მეოცე საუკუნეში, ფორუყ ფაროხზადეს დედობის უფლება წაართვეს თავისი თამამი, არატრადიციული, მუსლიმანური სამყაროსათვის უცხო ლექსების გამო. დღეს კი ფაროხზადე მსოფლიო კლასიკაა.
მეოცე საუკუნეშივე წერდნენ “ბიტნიკები”, რომლებსაც გაუმართლათ, რომ ირანში კი არა, ამერიკაში დაიბადნენ. ამიტომ თავიანთი ლექსებისა და სხვა თეორიული იდეების გამო მხოლოდ კვირაში ერთხელ თუ ცემდნენ ხოლმე “კეთილისმსურველი” სნობები. არც ხელისუფლება აკლებდა ხელს და ფარულად სჯიდა ხოლმე. გავიდა დრო და გინსბერგის (“ბიტნიკების” ერთ-ერთი გურუ) იუბილეზე ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთი მოწიწებით მიდიოდნენ, როგორც მესიასთან.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსკენ შარლ ბოდლერის პოეტური კრებული “ბოროტების ყვავილები” საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ შერაცხულ იქნა როგორც “ადამიანური მორალის შეურაცხყოფა”, დღეს კი ეს ლექსები არაერთი ჰიპერპროგრესული ქვეყნის სასკოლო პროგრამაშია შეტანილი და მომავალი თაობები სიამოვნებით ეცნობიან ამ “ამორალური” კაცის ტექსტებს.
არც ის მიკვირს, რომ ფრანსუა რაბლეს ყველა პუბლიკაცია გამოცემისთანავე აკრძალული იყო. ადვილი მისახვედრია, თავის დროზე რა რეაქცია ექნებოდათ “ჰალსტუხიანი ლიტერატურის” მოყვარულებს ამ პროვოკატორი გენიოსის ტექსტებზე. დღეს კი რაბლე საფრანგეთის სიმბოლოა.
საფრანგეთმა დიდი გამოცდილება მიიღო, ახლა მას აღარ უკვირს ხელოვანის სიგიჟეები და ამიტომაა, რომ უელბეკის ან ბეგბედერის მიერ მინეტის ნატურალიზაცია და გენიტალიების არაევფემისტური დასახელება აღარ აღიქმება, როგორც აპოკალიფსის ნიშანი (ჩვენთან ეს ჯერ კიდევ სატანიზმად მიიჩნევა).
საზოგადოებას უყვარს გარდაცვლილი პოეტები. ცოცხალ პოეტებთან ცოტა უჭირს კომუნიკაცია. ერთი ინგლისელი ესსეისტი (სახელი არ მახსოვს) წერდა: “ცოცხალი პოეტი ანაქრონიზმიაო.” პოეტები თავისი არსით ასოციალური ელემენტები არიან, ამიტომ ნებისმიერი საღ აზრზე მყოფი სოციუმი ებრძვის მათ. და ეს არის ძალიან პრაგმატული გადაწყვეტილება. უფრო სწორად, ეს არის კანონზომიერება: ანუ პოეტები ამსხვრევენ საზოგადოებრივ ტაბუებს, საზოგადოება კი ამსხვრევს პოეტის აწმყოს. ამ ორი მხარის შერიგება ძირითადად ხდება მაშინ, როცა პოეტი კვდება. მკვდარი პოეტი საზოგადოების დიდ სიმპათიებს იმსახურებს.
ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თანამედროვე ქართულ არტ-სივრცეში ასე მწვავედ არ დგას ტაბუს პრობლემა. ეს ცუდია, რადგან სადაც არ იმსხვევა ტაბუები, სადაც არ ხდება ლიტერატურული პარნასის დესაკრალიზაცია, სადაც `მეტაფიზიკური წიწაკის” ნაცვლად მხოლოდ “მეტაფიზიკურ საპონს” იღებს რეციპიენტი, იქ თანამედროვე ლიტერატურას უჭირს. ევროპულ-ამერიკულმა ლიტერატურამ ეს პრობლემა მოილია, ტაბუები აღარ დარჩა, რომ არ შეხებოდნენ, ამიტომ ახლა, ასე ვთქვათ, ერთობიან, კი არ ებრძვიან, არამედ ეთამაშებიან სიწმინდეებს.
“ხელოვნება იმიტომ კი არ ეთამაშება სიწმინდეებს, რომ პატივს არ სცემს მათ, უბრალოდ, ხელოვნება ეთამაშება ყველაფერს,” _ წერს იაკობ კროტოვი. საქმეც ეგაა, რომ თანამედროვე არტი პოსტმოდერნის სახით მთლიანად იქცა თამაშის ხელოვნებად, ხოლო არტისტი (და ასევე, მკითხველი-რეციპიენტი) _ Homo Ludens-ად ანუ ადამიან-მოთამაშედ. მთელი ეს ლამის კანონიკად შერაცხული კლასიკა პოსტმოდერნმა თავდაყირა დააყენა მისი გამანადგურებლად ირონიული ციტირების გზით. ავანგარდი (მოდერნი) კლასიკურ ტექსტებს უყურებს, როგორც მტერს, ხოლო პოსტმოდერნი _ როგორც სათამაშოს. მისთვის არ არსებობს ხელშეუხებელი სფეროები, რომლის დაცინვაც არ შეიძლება, ეს არის ლიტერატურის სრული ლიბერალიზაცია. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ეს არის თანამედროვე არტ-კონცეპტი.
თავის მხრივ, თანამედროვედ ყოფნა ძალიან ძნელი მომენტია. არადა, ერთი შეხედვით ძალიან ადვილადაა ყველაფერი: ჩვენს დროში წერ ლექსებს, ე.ი. თანამედროვე პოეტი ხარ. მაგრამ საქმე უფრო სხვანაირად არის.
თანამედროვე ხარ მაშინ, როცა შენი ბიოლოგიური და მენტალური “არსებობა” ერთმანეთს ემთხვევა. მარტო ქრონოლოგიურად არსებობა 21-ე საუკუნეში ვერავის აქცევს თანამედროვე არტისტად. ასე რომ იყოს, მთელი მწერალთა კავშირი თანამედროვე ლიტერატურის მონაპოვარი იქნებოდა (რეალურად, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ქრონოლოგიურად აღმოჩნდა ამ საუკუნეში).
ანატოლ ფრანსი წერს: “აზროვნება სნეულებაა, რომლითაც ძალიან ცოტანი ხდებიან ავადო.” ამ ლოგიკით, მწერალთა კავშირი ძალიან ჯანმრთელად გამოიყურება.
მწერალთა კავშირი დაშალა მისმა არათანამედროვეობამ, აკადემიურობის ნიღბით შეფარულმა ყალბმა ზომიერებამ. პრინციპში, თუ თანამედროვენი იქნებოდნენ, თავიანთივე სურვილით დაიშლებოდნენ იმიტომ, რომ ასეთი ეკლექტური დაჯგუფება არ შეიძლება, თანამედროვე ხელოვანს მოსწონდეს.
ამ გაერთიანებამ უარი თქვა თანამედროვეობაზე და თანამედროვეობამაც უარი თქვა მასზე. დღეს სხვა მოთხოვნებია: პოეტი, რომელმაც არ იცის საყველპურო ინგლისური და კომპიუტერზე მუშაობა არ ეხერხება, ცუდი პოეტია.
ლიტერატურა ყოველთვის იყო სნობების თავშესაფარი. ჩვენთან ეს ფაქტი ორი ნიშნით გამოიყოფა: ერთი მხარე (ძირითადად ძველი თაობის ურაპატრიოტი პოეტები) ეთნო-მესიანიზმს ქადაგებენ, მეორე მხარე კი (გარეგნულად თანამედროვე პოეტები) _ ეთნო-ნიჰილიზმს. ეთნო-მესიანიზმის იდეის გასამყარებელ ორიგინალ, ავთენტურ ტექსტად იოანე ზოსიმე მოიაზრება, რომელსაც რატომღაც გულუბრყვილოდ ეგონა, რომ “ენითა ამით” (ქართული ენით) უნდა განსაჯოს ღმერთმა ყველა ერი. თავის დროზე ამ თემაზე მეცნიერული `შრომები” იწერებოდა, ასეთ ავტორებს შორის იყო ზ. გამსახურდია (იხ: “საქართველოს სულიერი მისია”). მოკლედ, ეთნომესიამიზმის მთავარი თემა იყო ის, რომ ჩვენ დიადი წარსული გვქონდა, რომ ჩვენი ერთი წინაპარი 50 დამპყრობელს ფიცხელ ომში შავ დღეს აყრიდა, რომ ქართული მწერლობა ყველაზე დიდია, ქართული ქათამი ყველაზე დიდ კვერცხს დებს და ა.შ.
დასკვნა: რა თქმა უნდა, ეთნომესიანიზმი გოიმობაა.
ეთნო-ნიჰილისტები აბსოლუტურად საპირისპიროს ამტკიცებენ: ამბობენ, რომ ჩვენ წარსული საერთოდ არ გვქონდა, რომ ქართული მწერლობა სამარცხვინოა თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ ენაზეა დაწერილი (სხვათაშორის, თვითონაც ქართულად წერენ), რომ ქართული ქათამი კვერცხს საერთოდ არ დებს და ა.შ.
დასკვნა: ეთნო-ნიჰილიზმიც ისეთივე გოიმობაა, როგორც ეთნო-მესიანიზმი. იმიტომ, რომ მწერლობა არ არის ამ ორიდან რომელიმეს დამტკიცება და საერთოდ, მწერლობა არაა რაიმეს მტკიცება (თუმცა, მე, პირადად, ეთნო-ნიჰილიზმი (ანუ თვითკრიტიკა, როგორც თვითიდენტიფიკაციის სწორი გზა) ჯანსაღ პროცესად მიმაჩნია, ოღონდ მხატვრულ ტექსტში ამის მტკიცებას ფანტაზიის ნაკლებობად და სნობიზმად აღვიქვამ).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, სნობების არსებობა ავითარებს ლიტერატურას. იმიტომ, რომ თუ სნობები აღარ იქნებიან, მაშინ პოეტს აღარ ექნება ფაქტი, რის წინააღმდეგაც უნდა ამბოხდეს. ალბათ, ალბერ კამიუ გოიმების ნაკლებობას განიცდიდა, როცა წერდა: “მე ვეძებ ჩემი ამბოხების მიზეზს, რომელიც ჯერჯერობით არ მომეცაო.”
დღევანდელი არტი პროტესტის ნიშნად დასცინის კლასიკას, დასცინის `მაღალი იდეალების” არამყარობის გამო; პოსტმოდერნისტულმა არტმა საზოგადოებას შესთავაზა გართობა, ტექსტუალური სანახაობა, ტექსტებს გამოაცალა დიდაქტიკა (თუ დიდაქტიკა მაინც არის ასეთ არტში, ესე იგი ესაა ირონია დიდაქტიკაზე) და მხოლოდ პაროდიის მიზნით თუ მიმართავს კლასიკას.
პოსტმოდერნის (ტრანსავანგარდის) თავისუფალი მიდგომისგან განსხვავებით, ავანგარდი უფრო დაძაბული სახით დაუპირისპირდა კლასიკას. რადიკალი მემარცხენე პოეტი ჰანს არპი ძალიან შორს წავიდა და საზოგადოებას “მეტაფიზიკური წიწაკა” შესთავაზა. მეტაფიზიკური წიწაკა არის დაახლოებით ის, რაც მაგალითად, მარინეტიმ შესთავაზა ხალხს: საშინელი რეალობა _ კლასიკის განადგურება, მუზეუმების დაწვა… `მეტაფიზიკური წიწაკა” არის ომის სახელით მშვიდობის დამყარების უტოპისტური თეორია და კარგიც იმიტომაა, რომ უტოპისტურია, ეს ხომ პოეზიაა (თუმცა, თვითონ ანტიპოეტებად მიიჩნევდნენ თავს).
ქართულ სივრცეში არტისტის პროტესტი მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, მხოლოდ თეორიულ მსხვერპლშეწირვაზე ჩერდება არჩევანი. ამისგან განსხვავებით, ავსტრიელმა ბოდი-არტიზმის მიმდევარმა შვარცკოგლერმა ყველაზე შთამბეჭდავი პერფორმანსი ჩაატარა: მან ნაკუწ-ნაკუწ დაიჩეხა სხეული და სისხლდენით მოკვდა. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა და ყველაზე დიდი პოეტური აქტი, პროტესტი, რომელსაც თავისი სხეულითაც უერთგულა. ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მაზოხისტური აქტი, რომ არ მომკვდარიყო, მაგრამ შვარცკოგლერი `შეგნებულად მოკვდა.”
ამიტომ იყო პლატონი მართალი (სახელმწიფოებრივი დისკურსის გათვალისწინებით), როცა პოეტების სახელმწიფოდან გაყრა მოინდომა.
ამიტომაც გაჩნდა პოსტმოდერნი, როგორც ერთგვარი დამცავი საშუალება. ანუ: ეს მიმდინარეობა ცდილობს, შეარიგოს ორი მოსისხლე მტერი _ ელიტური და პოპ-ლიტერატურა. პოსტმოდერნი მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზეა გადართული და ემორჩილება ე.წ. ნონსელექციის პრინციპს, უფრო სწორად დარვინის “ბუნებრივი გადარჩევის” პრინციპს: გადარჩება ძლიერი. ამიტომაც არის ის ყველაზე დემოკრატიული მიმდინარეობა.