ლექსი

ღმერთის სიმღერა

ცხადმა იმდენი ქვა მესროლა
- ძილი გამიტყდა - გატეხილი ძილის წვრილი ნაპრალებიდან, ლოგინზე ფრთხილად დაიღვარნენ ჭრელი სიზმრები.
ერთი სიზმარი იქ დაგუბდა,
სადაც თავში შენზე ფიქრის კედელი იდგა -
კედელმა ტანი მიუშვირა, არ გამოუშვა.
და იმ სიზმრით დამესიზმრა,
რომ მე ღმერთი ვარ.
რომ ღმერთი ვარ და რახან ღმერთი,
გადმოვჯექი ჩემი დაღლილი მანქანიდან ცეცხლოვან ეტლზე და ანგელოზებს მოვუწოდე:
წამიყვანეთ კვირიკეთის სასაფლაოზე!
-მამა, გამოვედ გარე!
მამა გამოვიდა ჩემი ნაქონი ბათინკებით,
სხვა დანარჩენი უკვე თითქმის შემოხეოდა,
ხელში მალავდა სიგარეტის დაჭმუჭნულ კოლოფს,
სიგარეტზე დაჭმუმჭნულ ხელში -
არ ვიცი
ვინმე მეზობელმა მკვდარმა მიაწოდა თუ ჩემმა ლოცვამ.
ხელში მალავდა წითელ კოლოფს და მზერაში გაკვირვების ნაფაზს მალავდა.
ის არ უკვირდა, რომ გაცოცხლდა,
უფრო ის - რომ ამდენი ხანი არ მივედი,
არ გავაცოცხლე - მამაჩემს ხომ აქამდეც კი ღმერთი ვეგონე.
მოვდიოდით მე და მამა ჩქარი ნაბიჯით,
მოგვკიოდნენ მეზობლები საფლავებიდან - ამოგვთხარე და გაგვაცოცხლე!