* * *
ჩვენ გავაჩინეთ შვილები საკუთარი თავებისთვის.
საკუთარი სურვილებისა და მოვალეობებისთვის.
ჩვენ გავუჩინეთ შვილები ჩვენ თავებს და ვაიძულეთ
ისე ესწავლათ, როგორც გვინდოდა.
ისე ესუნთქათ, რამდენი ჟანგბადიც ჩვენი ფილტვებისთვის იყო საჭირო.
ისე ჩაეცვათ, როგორც მიღებული იყო.
ისე ჩაგვხუტებოდნენ, როგორც ვიმსახურებდით.
ჩვენ გამოვწელეთ ჩვენი საშოდან ხორცის პატარა ნაჭრები
და პლასტელინად გადაქცეულებს, ვაიძულეთ
ჩვენთვის მათგან კუდრაჭა გოგო-ბიჭის გამოძერწვის ნება დაერთოთ.
ჩვენ კი შეგვეძლო ჩვენი უკვე დასვრილი ხელებით
დიდხანს გვეძერწა მათი ცხოვრება
ბაღში მისვლამდე
სქესის პირველ შეგრძნებამდე
უფრო იქით, სათვალიან მასწავლებლამდე
პროფესიის არგუმენტირებულ შერჩევამდე
სადაც, გოგონათა და ვაჟთა პროფესიები ასე მარტივად იმიჯნებოდა.
ვძერწეთ ცხოვრება, სადაც ღამეებს ვათენებდით
მანამ გოგონები პირველ პაემანს გაკვეთილივით ატარებდნენ
და ბიჭები ბორდელებს ასევე პირველად სტუმრობდნენ.
და ვძერწეთ დიდხანს, მოთმინებით, დაუნანებლად,
მანამ ბიჭებმა შეყვარებულში დედის თვალები არ დაინახეს
და გოგონები მამებივით ძლიერ კაცებს არ მისთხოვდნენ.
შვილები, როგორც უნაყოფობის, ანდა პირიქით სიყვარულის ნაყოფები
შვილები როგორც საჩუქრები, ანდა პირიქით
ჩვენი ყველაზე უსაჩუქრო დღეების გამნათებლები
შვილები, როგორც მარტოობის კელაპტრები
სიბერეში თავისმიდებები
როგორც პასუხები, ყველა გათენებულ ღამესა და ყველა გაკეთებულ სადილზე.
სიყვარული შეიძლება გახდეს ჩარჩო, დაიმახსოვრე.
შეიძლება არსად გაგიშვას, უკან დაგხიოს.
აი სამშობლო, დედა, ქალი, ანდა უბრალოდ
მეგობრის გოგო, ანდა კიდევ უფრო შორს წავალ, ამის იქითაც შეიძლება
ყველა ომი ხომ სიყვარულის გამო დაიწყო.
სიყვარული შეიძლება იყოს გვერდით ჯდომაც, უნდა გახსოვდეს.
ყველა პრობლემის, ყველა დარდის თავზე მოხვევა.
აი ეს მიწა, ეს ქალაქი, ანდა ეს სახლი, ანდა უბრალოდ
შენი ოთახი, ანდა კიდევ უფრო შორს წავალ, ამის იქითაც შეიძლება
სიყვარულმა შეიძლება გაგანახევროს
ან იმის იქით არ გაგიშვას, სადაც იწყება
შენი და არა საზოგადო, შენი ცხოვრება
ყველა ბავშვობის მოგონების და კადრის მიღმა.
და მე არ მინდა შენ ამ ჩემი სიყვაულისთვის,
ანდა იმისთვის, რომ ის ცხრა თვე მუცლით გატარე
და ამ სამყაროს ვერ ნახავდი, რომ არა ჩემი სულგრძელობა და მოთმინება და ტკივილის გამძლეობა და ა.შ ანდა თუნდაც ის, რომ მარტო ვარ, რომ შენ ეს გტკივა,
რომ მე მჭირდები და რომ შენ გაქვს ვალდებულება ჩემ წინაშე და შენ ეს იცი, -
და მე არ მინდა შენ გხედავდე ჩემ გვერდით მაშინ
როცა ცხოვრება ზუსტად შენი, და არა ჩემი, -
მიდის და უკან არ ბრუნდება.
შენ, ვინც იმიტომ არ დაგბადე, რომ გყვარებოდი
შენ, ვინც იმიტომ დაიბადე, რომ გყვარებოდა დედამიწა, ნიშანდობლივ ადამიანი,
მათ შორის დედაც
შენ, ვინც არასდროს მიძერწიხარ, როგორც მინდოდა
და გაიზარდე მხოლოდ იმისთვის, რომ შენს ცხოვრებას
მხოლოდ შენი სახელი ერქვას.
და ზუსტად მაშინ, როცა დროა
როცა შენია ეს ცხოვრება,
როცა მარტო ხარ
და უნდა იგრძნო რომ მარტო ხარ
და მხოლოდ მაშინ მიხვდები რომ
მე არ მინდა შენ ცხოვრებას აცდენდე, როგორც
მათემატიკის გაკვეთილს და ამ გაცდენას თანაგრძნობის სახელი ერქვას.
ჰოოდა, ადექი და წადი
შენს საკუთარ ცხოვრებაში,
ჰოო, შენსაში,
მხოლოდ შეძელი,
ვინც გეყვარება
მისთვის გიყვარდეს.