სიახლე

ანა კალანდაძის საიდუმლო დღიურები, რომელსაც პოეტი მთელი ცხოვრება წერდა

17 ოქტომბერი 2026

წყარო: რადიო თავისუფლება

წყარო: რადიო თავისუფლება. ანა კალანდაძე 1924 წელს გურიაში, სოფელ ხიდისთავში დაიბადა. პირველი ლექსები რომ გამოაქვეყნა 22 წლის იყო. მაშინვე ფურორი მოახდინა. ცხოვრების ბოლომდე ანას არც დიდება მოჰკლებია, არც - თაყვანისმცემლები. მისი დღიურებიდანაც ჩანს, რომ თითქმის ყოველდღე ურეკავდნენ უცნობები და ეუბნებოდნენ, თქვენი ლექსებით გვიდგას სულიო.

ანა კალანდაძემ 84 წელი იცხოვრა. დღიურების წერა 1946 წლიდან დაიწყო. ეს ის წელია, როდესაც უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და პირველი ლექსები გამოაქვეყნა. წერდა თითქმის ყოველდღე და ყველაფერზე, რაც მის გარშემო ხდებოდა - სად ვის შეხვდა, ვინ რა მოუყვა, რა ღონისძიებებს დაესწრო, რა ნახა და ტელევიზორში რა გადმოსცეს. ეს დღიურები ყველასათვის მალულად იწერებოდა, რაღაც ნაწილი მისივე გამოგონილი ანბანით, განსაკუთრებით ის ადგილები, სადაც არც თუ სასიამოვნო რამე უნდა მოეყოლა ან პირიქით, აქებდნენ. ეს ანბანი შემდეგ მისმა რძალმა თინა ყანდარელმა გაშიფრა. ერთხელ მისი ტელეფონების ბლოკნოტში ნომერი ნახა, პატრონის სახელი ანას ამ შრიფტით მიეწერა. ნომერი იცნო, ედუარდ შევარდნაძისა იყო. ასე გაშიფრა დანარჩენი ანბანიც.

ოჯახის წევრებს ანას მიმართ ისეთი კრძალვა ჰქონდათ, რომ მის მაგიდას არც ეკარებოდნენ. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს 90-მდე დიდი თუ პატარა რვეული, რომელიც მოგვიანებით ანას ძმისშვილმა ქეთი კალანდაძემ დაამუშავა, ამან ათი წელი წაიღო.

„ჩუმად წერდა, ხშირად შემოდიოდა, გვეკითხებოდა, აი, იქ რომ ვიყავით ის როგორ იყოო. გვიკვირდა, ვერ ვიგებდით, რად უნდოდა. ამ დღიურებით შეიძლება აღადგინო მოვლენები, თარიღები, რაც ანას გარშემო ან ქვეყანაში ხდებოდა.

ის რომ პავლე ინგოროყვასთან [ისტორიკოსი, რუსთველოლოგი - რ.თ] და ქეთევან მაღალაშვილთან [ქართველი პორტრეტისტი - რ.თ.] ურთიერთობის ამბავი აქვს ჩაწერილი, ეს უცნაური არ არის, მაგრამ ყველა ადამიანი ჰყავს ჩაწერილი, ვინც კი ქუჩაში შეხვდა…სულ მცირე ათასი ადამიანი მაინც არის ნახსენები ამ დღიურებში“, - ჰყვება ქეთი კალანდაძე რადიო თავისუფლებასთან.

დღიურებში ძირითადად პირად გრძნობებზე წერენ ხოლმე, მაგრამ ანა კალანდაძე, პირიქით, მარტო ფაქტებს აღნუსხავს. მხოლოდ ვინმეს სიკვდილის ამბავს რომ გაიგებს, მაშინ თუ ჩაწერს ორიოდე ემოციურ სიტყვას. არაფერს ამბობს ქმარზე, რომელსაც მალევე დაშორდა და არც თავის დამალულ და სევდიან სიყვარულზე - ილო ფხოველზე.

„ანა თავისი ემოციების ჩვენებას ყოველთვის ერიდებოდა, არ უყვარდა. მხოლოდ ლექსებში იყო მისი ემოცია“, - ამბობს ქეთი კალანდაძე.

ჩანაწერი ჩანაწერს მიჰყვება, წელი წელს... ანას ცხოვრებაში შემოდიან და გადიან ადამიანები, თაობები იცვლება, ეპოქაც. მაგალითად, 1967 წელს თამარ სულხანიშვილი-ციციშვილი ანას უყვებოდა, მატარებელში ნიკოლოზ ბარათაშვილის და სოფიო ვნახეო. 2007 წლის ჩანაწერებში კი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე წერს.

ბოლო ჩანაწერი 2007 წლის 20 დეკემბერს აქვს გაკეთებული: „შეხვედრაზე „კავკასიურ სახლში“ ვეღარ წავედი - ძალიან სუსტად ვარ. ამ შეხვედრის აფიშა ჩვენთან, ინსტიტუტშიც გაუკრავთ... შეხვედრა შობისთვის გადაიდო“.

2008 წლის 11 მარტს ანა კალანდაძე გარდაიცვალა. „რა მალე თენდება, რა მალე ღამდება“ - ბოლოს ეს უთხრა თინას, თავის რძალს.

ეს ჩანაწერები მისი თითქმის ოთხი ათას გვერდიანი დღიურიდანაა:

„ღამის ორი საათია, სტუმრები მიდიან... ჩვენ განვაგრძობთ ლხინს... გრიგოლ სვანიშვილი ეხვევა იმ სკამს, სადაც ნატო ვაჩნაძე იჯდა“...

„ნუციკო უგრეხელიძემ: ძალიამ მომწონს ერთი კაცი და რამდენჯერაც ვნახავ, იმდენჯერ ყვავილს ან ფოთოლს შევინახავ ხოლმე შენს წიგნშიო. ასე რომ, შენი წიგნი სულ ყვავილებით აივსოო“.

„ოსვენცემი. იმ დღეს ერთმანეთს ხელიხელჩაკიდებულნი დავსდევდით ბავშვებივით - შიშის გამო... და მერე მთელი დღე შიშით ატანილები ოთახში მარტო ვერ ვრჩერდებოდით, არც არაფერი გვიჭამია“.

„აი, ამას ჰყოლია დიღომში ძუნწი მდგმური, ძალიან ძუნწი... - კურკიწონია!“

„[კონსტანტინე გამსახურდიამ] მოიგონა თავისი სამფეხა კატა: გვეუბნებოდნენ, სამფეხა კატას ოჯახში ბედნიერება მოაქვსო... ჩვენ კი ნახევარი გოჭი შეგვიჭამა და მცხეთის სასადილოს მივუყვანეთო... მალე ზვიადი დაიჭირეს და სულიკო ვაფრინეთ მცხეთაში კატის მოსაყვანად... სულიკომ, გიჟი ვეგონეთო“...

წყარო: რადიო თავისუფლება.