ლექსი
ავტოწერილი
“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან“.
სექტემბერია. გამარჯობა,
მე ფარდის უკან ვირხევი,
რომ გავთქვა, როგორ გდარაჯობდი
ქაჯეთის ვიწრო ციხესთან.
კავალერმა რომ მოგაკითხა,
შენ, ჩემო ნესტან-დარეჯან,
არც პასუხი და აღარც კითხვა,
არც დაბრკოლება გარედან
არ გქონდა, რადგან ტარიელი
ქვაბში ასმათთან დაცხოვრდა,
გიჭერდა რაღაც ცარიელი,
რომელიც აღარც გახსოვდა,
მხოლოდ ყვითელი ფოთოლივით,
უმტკივნეულოდ, უქაროდ,
ტრფობა - პოეტის მოყოლილი,
მორალისტების მუქარა,
მიწის ნაგლეჯზე ასრულებდა
პეპელასავით სიცოცხლეს,
ქაჯეთის ციხის ასულები
პაემანებზე მიჰქროდნენ.
მე კი ვანჯღრევდი, არ მახსოვდა,
ციხის „რა ვქნისა“ კარიბჭეს.
სექტემბერია, გამარჯობა,
ძვირფასო ნესტან-დარეჯან!