ომი
საღამოობით, დედა მაგრად კეტავს დარაბებს,
რომ არ დამიფრთხონ მშვიდი ძილი ქუჩის კატებმა,
აფარებს ფარდებს, თავთან მიწყობს პიტნას, ლავანდას,
აფუთფუთებულ მთვარის ბუგრებს კედელზე ასრესს,
ჩრდილებს შერეკავს კარადაში და მაგრად კეტავს,
ლოყაზე კოცნის ფიფქს მიტოვებს და გადის დედა.
იძინებს სკამი, სავარძელი, რუკა, მაგიდა,
ბრჭყვიალა თვალი გატეხილი თმისსამაგრიდან
წიგნში რვეული, რვეულში კი მოკლე თხზულება
ხვალ დილისთვის რომ შევიპირე დასასრულებლად,
ზღაპრების წიგნში ჩაიძინა ყველა ურჩხულმა,
აღარც მშობლების ისმის ჩურჩული.
არ სძინავს მხოლოდ ჩემს საყვარელ შალის თოჯინას,
მერე რა, თუკი გვერდით მიწევს მშვიდად, მორჩილად,
მერე რა თუკი დავახურე ჩემი საბანი,
ფაფანაჭამს და თბილრძენასვამს, ცხვირპირდაბანილს,
თვალს არ მაცილებს, მაშტერდება, მიყურებს მკაცრად,
თითქოსდა მკაწრავს.
დღისით უბრალო თოჯინაა, ფაფუკი მუცლით,
ვუმღერი, ვკოცნი, ვაბანავებ და კაბებს ვუცვლი,
მაკრატლით ვაჭრი ფრჩხილები და თმა რომ ეზრდება,
მერე რა, თუკი გავიზარდე, სულ არ მბეზრდება,
დღისით უბრალო თოჯინაა, ღამით კი, თითქოს
ჩემს სხეულს ითხოვს.
და ვხდები სულ სხვა
- გოგონა თავშესაფრიდან,
რომელიც საყვარელი თოჯინის
გარეშე აფრინდა,
ვერც ციცქნა ბაჩიები წაიღო
და ვერც ვერაფერი დანარჩენი
როდესაც ააფეთქა მამაჩემმა.
როდესაც ააფეთქა მამაჩემმა.