"ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს"
(ამონარიდები)
„ადამიანი ისევ ისე უსუსურია, როგორც ბავშვი იყო. კი ჩხრიალებს, კი ღრიალებს, იკუმშება და იშლება, მაგრამ ისევ ისეთი უსუსურია, როგორც ბავშვი, რომელმაც, თუ არ ითამაშა, ვერ გაიზრდება. ვერ გააღებს ფანჯარას, ამინდს ვერ გაიგებს, ვერ ჩაიცვამს, გარეთ ვერ გავა. მანამდე კი, წარმოსახულ როლებში თუ არ გახურდა, იმ ერთ სახეს - რომელსაც მისგან მოითხოვენ, ვერ ითამაშებს."
„რად უნდა იქცეს ადამიანის სული, რომ სამყაროს გამოადგეს?
სამყაროს ხომ ძაფის ნაწყვეტიც კი არ აკლია. მაშ სად მიდის სული, რა საქმეზე რომ უკან აღარ იხედება?“
„გარედან არ მიყურებია ჩემი თავისთვის, შეიძლება ვჩანვარ კიდევაც, მაგრამ ის მანუგეშებს, რომ სხვისი ცუდით ადამიანები მატულობენ ზნეობრივში.“
“სიკვდილი ამჯერად მართლაც ძალიან ჰგავდა თავის თავს.“
„ვერაფერს სერიოზულად ვერ ვწერ, ყველაფერს სადღაც რაღაც აქვს გახეული და ქარი შესდის. შეიძლება ჩემი ცხოვრების ანალოგიით.“
„შენი „მე“ მკვეთრად გამოხატული ეგოიზმი კი არ იყო,
მკვეთრად შეგრძნობილი ხე იყო.“
„ქება და დიდება შენ, ბესარიონ,
რომ ნამდვილი არ გინდა:
ჯერ ერთი, გაგსრესს და მეორეც
იმიტომ, რომ არ დაგიჯერებენ.
დიდება შენ,
ბაგეზე დადებული გიჟის სიტყვა რომ არ გაამჟღავნე:
რომ ღმერთმა სამყარო შექმნა ნამდვილის გარეშე.“
„ძალიან მოტყუებული ვარ ადამიანებისგან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს მეტი არავინ იყოს.
ყოველი წარმოთქმული სიტყვა თეატრია და არა ტყუილი.“
„გინახავთ კაცი, რომელიც გამოდის სახლიდან და გზად ყველაფერს ჭამს: ადამიანს, ხალხს, მანქანებს, ფუსფუსს, ხმაურს... ყველაფერს, რაც კი უძრავი და მოძრავია, რაც კი ემორჩილება წესებს და კანონებს.
არ გინახავთ?
მაშინ არც მე გინახივართ!“
„მე ამდენი წვრილმანები იმიტომ მაყრია, რომ დიდი ხნიდან ვიწყები ჩვენი მდინარესავით, რომელზეც ყველაფერს იტყვიან და არ იტყვიან ასაკს.
ეტყობა, თუ მიედინები, დრო უკან იხევს.
დრო დამდგარზე ივარცხნება.“
„დედამიწა დოლივითაა, ორივე მხარეს ეტყაპუნება.“
"იყავ ბავშვი და აწვალე ღმერთი.
ადამიანი ისედაც დიდიხნის ტანჯული არის.“ "თუ თავს იცავ რაიმესგან, ის რაიმე ერთხელაც მოგერევა. რატომ ჩიტს ვერ აცლის ბუმბულს ქარიშხალი? სახურავებს კი დააფრიალებს. სუსტს, მცირეს ვერაფერი ერევა. ადამიანმა თავის თავშივე უნდა იგრძნოს სუსტი და უხილავი, რომ გარეთ არ დაუწყოს ძებნა... აზრს მიყვება ის, ვინც თავს ბუნების სათვალავში გრძნობს და არა ის, ვინც ცხოვრების სუდარაში იშმუშნება, და, გიჟებსაც საკუთარი ხეირისთვის როდი მოსდით თავში სხვადასხვა აზრი - ყურისგდება უნდა."
„მთელი ცხოვრება ვცდილობ შევინარჩუნო პირველყოფილი უმეცრება, რომ მოქანავე მიწაზე კი არ ვიდგე, არამედ მყარზე.“
„მინდა სადმე დავჯდე და ვიტირო ჩემი მრავალსაუკუნოვანი გულუბრყვილობა.
ადამიანებს უნდათ პირუტყვებად მიქცევა, ადამიანები ელტვიან სიმარტივეს, აქ კი ინსტიქტები დაბორკილია.
კარგა როცა ხარ, მაშინ შუშისა ხარ...
"ერთი კაცი თავის თავსაც რომ ვერ აუვა,
ისეთი დროა.
რაღაც წვრილმან გასართობებს ებღაუჭები,
რომ მთავარზე აღარ იფიქრო..
„წერა არის შვება განწირულ სულისა
და ერთობა - განწირულ სხეულების.
დავრჩები ამ სკდომის ხანაში,
ხან ტოტზე და ხან მავთულზე
და ხან ჩემივ თავის ძეგლზე
ჩამოვასკინტლებ.
დავრჩები ჩემს სკდომის დროში
და გულს გავისიებ მარადიულ კითხვებით