წმინდანოფობია
ღმერთო, როგორ მეშინია ცრუწმინდანების,
უფრო სწორად: მეშინია წმინდანებისა,
რადგან აქ, სადაც ხელთ არა მაქვს
უბიწობის ინდიკატორი,
როგორ ვარკვიო,
ვინ ცრუა და ვინ ნამდვილია,
ვინ რას იჩემებს,
და ვის თავზე მოჩუხჩუხებს
ღვთიური მადლი…
ხილაბანდები წაუკრავთ თავზე,
ჰგონიათ, რომ ბანაობენ შარავანდედში…
როგორ ვიცნო შენი წმინდა ხელი, უფალო?
მე ხომ იქ გხედავ,
სადაც სხვები ვერაფრით ვერ წარმოგიდგენენ:
მეძავი ქალის
გადაქანცულ, სნეულ საშოში,
ნარკომანის დასუსტებულ, მიმკრთალ ვენებში,
იმ ტრასვესტიტის მოჭრილ ასოში,
რომელსაც სურდა ღვთისმშობელი ყოფილიყო,
და ისე სურდა,
რომ საკუთარ თავსაც კი გასცდა,
მაგრამ მეტი,
როგორც ხედავ,
არაფერი გამოუვიდა…
რად ჩამინერგე დახურული სივრცის შიში,
თუკი ლიფტში უნდა მეცხოვრა? –
ამ სიმყრალეში,
სადაც
იმასაც კი ვერ ვარკვევ,
საით მივდივარ:
ზემოთ –
შენკენ,
თუ ქვემოთ,
იქ,
ეშმაკებისკენ…
მივექანები
და თავს კედლებს ვუხათქუნებ
და არაფერი არ ინგრევა,
არაფერი, არაფერი,
არაფერი, არაფერი,
აღარაფერი…
რად დახურე ეს სამყარო სიწმინდეებით?
სადაც ყველაფერს მუდამ ერთი მნიშვნელობა აქვს,
ხოლო ენად სინონიმთა ენა მომეცი,
რომელიც მუდამ გაიღება ნიუანსისკენ
სათქმელისა და არსის უკეთ გამოსახატად.
განა ფანჯარა
სრულად იტევს მზეს და სინათლეს,
განა სიტყვა უკვე მტკიცე ჩარჩო არ არის,
რომელიც საზღვრავს, აფასებს და განიკითხავს
სოფელს, შენ რომ უსაზღვროდ შექმენ…
რა არის ცოდვა?
სიყვარული?
მაგრამ შენ ხომ სიყვარული ხარ,
ისე საშიში,
როგორც ძრწოლა დახურული სივრცის წინაშე,
ანდა
როგორც სიმაღლის შიში,
მწვერვალზე მდგომს
ზურგიდან რომ ხელსა გკრავს და
უფსკრულისკენ მიგაფრიალებს…
რა არის ცოდვა?
როგორ მტანჯავს ერთი სიზმარი:
ჩვენს უბანში
მოყუჩებულ ადგილებში
დაყრილ შპიცებზე
ფეხშიშველი დააბიჯებს
ჩემი რვა წლის სულელი ბიჭი…